საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს რიგგარეშე სხდომაზე სურდათ პოლიტიკური განცხადებებისა გაკეთება და ჰიმნის გაჟღერება, თუმცა მმართველმა პარტიამ სესია ჩაშალა.
ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოცნების დღევანდელი ქმედება საქართველოს პარლამენტში სირცხვილის დღედ დარჩება.
"დღეს სირცხვილის დღეა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში და არამხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვის ძალებს უკრაინაში, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით, უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები შეაგროვა და გადაწყვიტა, რომ დღეს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო პარლამენტის დარბაზი საქართველოს ისტორიაში პირველად", - თქვა დეკანოიძემ.
ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია ითხოვდა, რომელზეც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც იბარებდა.
მოთხოვნას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სესიის მოწვევის მიზეზი "უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".
რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, ოცნების არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.